logo
ENG



ვაშაძე თამლიანის გათავისუფლებაზე: ველოდები, რომ სხვა პოლიტპატიმრებსაც გაათავისუფლებენ

24 მარ 202011:16
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციას იმედი აქვს, რომ ბესიკ თამლიანის გათავისუფლების შემდეგ საპატიმროებს სხვა პოლიტპატიმრებიც დატოვებენ. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდი შეთანხმების პირობებს სრულად შეასრულებს. ოპოზიციის შეფასებით, თამლიანი მმართველ გუნდს პატიმრობაში უკანონოდ ჰყავდა. 

„სასიხარულოა თამლიანის გათავისუფლება. ის უკანონოდ იყო დაპატიმრებული. მე ვიცნობ მის საქმეს ძალიან კარგად და პრაქტიკულად არავითარი მტკიცებულება არ იყო. იმედია, რომ ორი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც შეთანხმების საგანი იყო მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, აუციელებლად შესრულდება“,- აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ბესიკ თამლიანის გათავისუფლებას დადებითად აფასებს და იმედს გამოთქვამს, რომ სხვა პოლიტპატიმრებიც გათავისუფლდებიან.

„კარგია. კარგი დასაწყისია. ველოდები, რომ სხვა პოლიტპატიმრებსაც გაათავისუფლებენ მითუმეტეს ამ ვითარებაში, რა ვითარებაც დღეს არის. იმედი მაქვს, რომ არსებული მძიმე ვითარებით არ ისარგებლებენ და პირიქით უფრო აქტიურად შეასრულებენ თავის ვალდებულებებს“, - განაცხდა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბესიკ თამლიანმა საპატიმრო დაწესებულება გუშინ დატოვა. ის ფიქრობს, რომ აღიარება, რომელსაც მას სთხოვდნენ, ხელისუფლებას თავის გასამართლებლად სჭირდებოდა. გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულაში“ მან 20 ივნისის ღამეც გაიხსენა და აღნიშნა, რომ იმ ღამეს აქციაზე სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული.


close დახურვა